გუშინ, კენიელმა ტრანსგენდერმა ქალმა სკოლის სერთიფიკატზე სახელის შეცვლის უფლება მოიპოვა. გარდა ამისა, საბუთში გენდერული იდენტობის აღმნიშვნელი გრაფაც ამოიღეს.

კენიის გამოცდების ეროვნულმა  საბჭომ, საშუალო განათლების სერთიფიკატში, 45 დღის განმავლობაში სახელი ენდრიუ მბუგუა (Andrew Mbugua) შეცვალა ოდრი მბუგუათი (Audrey Mbugua). ტრანსგენდერმა ეს გამარჯვება აღწერა, როგორც „დიდი წყალგამყოფი მოვლენა“.

„2010 წელს სასამართლოს მივმართე საჩივრით, რომ გამოცდების ეროვნულ საბჭოს ატესტატში ჩემი სახელი შეეცვალა და სქესის აღმნიშვნელი გრაფაც ამოეღო. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება შეგვეგუება, ვინაიდან საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში სიარული სულაც არ მინდა. გარდა ამისა, ჩვენ განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას არ ვითხოვთ. ასე იმედიანად აქამდე არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა ოდრი მბუგუამ.

ტრანსგენდერები,  ხშირ შემთხვევაში, სირთულეებს სამსახურის ძიების დროს აწყდებიან, ვინაიდან მათი გენდერული იდენტობა შეუსაბამობაში მოდის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელ გრაფასთან.

მოსამართლე ველდონ კორირი (Weldon Korir) აცხადებს, რომ კენიის გამოცდების ეროვნულმა საბჭომ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რატომ არ შეეძლო ამ ცვლილების განხორციელება.

„სასამართლო მხედველობაში იღებს ფაქტებს, რომ კენიაში გამოცდები არ ითვალისწინებს  კანდიდატების გენდერულ იდენტობას. შესაბამისად, გენდერული იდენტობის აღმნიშვნელი გრაფის ამოღებამ არ უნდა იმოქმედოს სერთიფიკატის ხარისხზე.

ყველა ადამიანი ღირებულია. დამცირებით, დეგრადაციით და დეჰუმანიზაციით, შესაძლოა, ადამიანის ღირსება შეილახოს. ყველა ადამიანს გააჩნია დაბადებიდან მინიჭებული ხელშეუვალი უფლებები, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია იცავს. ეს ფუნდამენტური უფლებები კონსტიტუციის ქვაკუთხედია“, – განაცხადა მოსამართლემ.